200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და “სითი პარკის” წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყანაში, მართლმსაჯულების მდგომარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.

კობახიძემ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, 6-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენები, 3-ჯერ არის შემცირებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრებულია საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ფარულ მოსმენებზე და სხვა. 18-ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, კერძოდ, 91 მლნ-დან 5 მილიონამდეა შემცირებული; თითქმის 5-ჯერ არის შემცირებული ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი.  3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი, 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და “სითი პარკის” წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 11-ჯერ, კერძოდ – 4 453 -დან  415-მდე შემცირდა საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. 

​როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, მართლმსაჯულების სფეროში, დრამატული ცვლილება მოხდა, რაც “ქართული ოცნების” მონაპოვარია.

“ჩვენ ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის რევანში სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც თავის დროზე, ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. გახსოვთ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე, იუსტიციის სამინისტრო, ზურაბ ადეიშვილი როგორ აკონტროლებდა სრულად სასამართლო ხელისუფლებას და როგორ იყო ის ქცეული ბიზნესის რეკეტის, ადამიანის უფლებების მასობრივად ხელყოფის ერთ-ერთი უმთავრეს ინსტრუმენტად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

​მისივე თქმით, მმართველ პარტიას სერიოზული ბრძოლა დასჭირდა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, ახლა კი მიმდინარეობს ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის. 

“ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და სასამართლო ხელისუფლებაზე, მათ მიერ, რაიმე გავლენის მოპოვებას. ეს ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება ჩვენი ოპონენტის, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით”, – აცხადებს კობახიძე.   

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები