სასამართლო მალხაზ კობაურს საბოლოო განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანს

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს, სასამართლო საბოლოო განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანს. დაცვის მხარის მოთხოვნით, სასამართლო პროცესში მონაწილეობენ ნაფიცი მსაჯულები. დახურულ სხდომებს ესწრება აშშ-ს მთავარი კონსული საქართველოში და სპეციალური კომისიის წევრები, რომლებიც აკვირდებიან თუ რამდენად სრულყოფილად ხორციელდება მართლმსაჯულება.

​როგორც ბრალდებულის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, დახურული სასამართლო პროცესი ყოველ დღე იმართება. დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოქვეყნებას მიმდინარე კვირაში დაასრულებს და ორშაბათს მთლიანად პროცესი დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოზე იმ 90 მოწმესაც მოუსმენენ, რომლებიც პროკურატურამ გაიწვია და რომლებიც დაცვის მხარის სპეციალურ სიაში არიან შეყვანილნი. მათ შორის, არის ყველა ის პოლიციელი და ექსპერტი, რომლებიც საგამოძიებო პროცესში მონაწილეობდნენ.  

“ამ კვირაში ჩვენ უკვე დავამთავრებთ ჩვენი მტკიცებულებების გამოქვეყნებას და ორშაბათს პროცესი დასრულდება. ამის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში გავლენ და 8 საათის განმავლობაში უნდა გამოიტანონ განაჩენი. იმავე დღეს უნდა იყოს რეზულტატი. ბრალდების მხარემ ამოწურა თავისი მტკიცებულებები. ჩვენ ნუსხაში გვყავს შეყვანილი ის 90 მოწმე, რომლებიც პროკურატურამ გაიწვია, ისინი მაინც დაიკითხებიან სასამართლოში, მათ შორის ყველა პოლიციელი და ექსპერტი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა”, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატების თქმით, მათთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ გამოიკვლია პროკურატურამ მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების 90 % და ვარაუდობენ, რომ ბრალდების მხარე უბრალოდ დროში ვერ ჩაეტია. 

“8 თვის განმავლობაში გაწელეს გამოძიება და დარჩათ ერთი თვე. ბრალდებას სურს ნაფიცი მსაჯულები ერთი ხელის მოსმით დაარწმუნოს იმაში, რომ კობაურმა ჩაიდინა დანაშაული, რაც სრული აბსურდია და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

ხადას ხეობაში, ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები