პროკურატურამ ექსპერტიზაში დაახლოებით 500 000 ტყუილად დახარჯა – ადვოკატი სმიტების საქმეზე

  •  

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზიდან, რაზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, უმეტესობა საქმიდან მოხსნილია. დისტანციური წესით არ გამოიკითხებიან დაზარალებულის უფლებამონაცვლეები და ხადას ხეობის არც ერთი მცხოვრები.

როგორც მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პროკურატურამ საქმიდან გაიწვია 150-მდე ნივთმტკიცება. გარდა ამისა, დაცვის მხარეს, არ აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს, ისინი ყველა სტანდარტის დაცვით არის შენახული თუ არა.  

“დაცვის მხარეს, ყველა ეს ექსპერტიზა რომ ჩაგვეტარებინა, შესაძლოა 500 ათასი ლარი საკმარისი არ ყოფილიყო, ისეთი ექსპერტიზებია ჩატარებული, მათ შორის გენეტიკური ექსპერტიზა. ერთი საკვლევი ობიექტისთვის ჩვენ 2 000 – 2500 ლარი გვჭირდება, საქმეში კი 150 – 200 საკვლევი ობიექტი იყო და თითოეული 6-7 პირზე მოწმდებოდა”, – აცხადებს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.  

მისივე ინფორმაციით, არ იყოს გამოკვლეული ​სპერმის ანალიზზე ჩატარებული ექსპერტიზა, მხოლოდ ექსპერტები დაიკითხნენ. “მათი ჩვენება კი ორაზროვანია, ისევე, როგორც ექსპერტიზის დასკვნა. საქმიდან ყველა ექსპერტიზის დასკვნა მოიხსნა და დარჩა რამდენიმე. ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება არის ცალ-ცალკე მტკიცებულება. რატომ აირჩია ეს სტრატეგია პროკურატურამ ჩემთვის უცნობია, ან დროში ვერ ეტევა, ან მარტივად სურს ამ საქმის დასრულება”, – აცხადებს ადვოკატი. 

ვასილ მამულაშვილის თქმით, ის 90 მოწმე, რომელიც ბრალდების მხარემ მოხსნა, დაცვის მხარეს შესაბამის ნუსხაში ჰყავს შეყვანილი და ისინი სასამართლოზე მაინც დაიკითხებიან. 

“დღეს ყველა პოლიციელს დავკითხავთ, ვინც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა, ხვალ ექსპერტებს დავკითხავთ და ფაქტობრივად მიმდინარე კვირაში ეს სასამართლო პროცესი დასრულდება. ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ საქმეში არსებული 12 ტომი არ იყო შესაბამისი სტანდარტის. წარმოიდგინეთ, მოიხსნა 11, დარჩა ერთი და ისიც არ არის შესაბამისი სტანდარტის. 20 მოწმე არის ძალიან ცოტა, მით უმეტეს, ასეთი ტიპის საქმეზე. რისკენაა მიმართული პროკურატურის ეს სტრატეგია, ჩვენთვის უცნობია. არ გამოიკითხებიან დაზარალებულის უფლებამონაცვლეები და ხადას ხეობის არც ერთი მცხოვრები. ჩვენი ვერსიით ბრალდება ვერ ეტეოდა ვადებში. მათ 8 თვის განმავლობაში გაწელეს გამოძიება და ფიქრობდნენ, რომ მარტივად, ერთი ხელის მოსმით დაარწმუნებენ ნაფიც მსაჯულებს, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა ეს დანაშაული. არც ერთი ექსპერტისა და დასკვნა არ არის გამოკვლეული. მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასამართლო სხდომაზე ღიად და ორივე მხარეს მიეცეს დასკვნის გაკეთების საშუალება. ყველა დასკვნა გაითხოვა პროკურატურამ, რადგან იქ, დაცვის მხარისთვის ბევრი სასარგებლო ინფორმაცია ეწერა”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.  

მსგავსი თემები