“პროკურატურამ მტკიცებულებების 90%-ზე უარი თქვა და საქმიდან მოხსნა” – მწყემსის ადვოკატი

  •  

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის გახმაურებული საქმიდან მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მოხსნილია. 100 ტომიდან საქმეში მხოლოდ 1 ტომი დარჩა, 120-ზე მოწმიდან კი დაახლოებით 20 მოწმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრეს.​

ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, დაუშვებელია, კობაურს ბრალი მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე წარედგინოს და არ იყოს გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები.

მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარემ დაკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტებში მონაწილე პირები, ექსპერტები, ხოლო მათი ჩვენებები არ გამოიკვლია, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ყველა თავის მტკიცებულებაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, ყველა ნივთმტკიცებაზე უარს ამბობს. 

​ალექსადრე კობაიძის განცხადებით ყოვლად წარმოუდგენელია კობაურს ბრალდება დაუმტკიცდეს, რადგან მის წინააღმდეგ, არც ერთი ნივთმტკიცება არ რჩება საქმეში. 

ადვოკატის შეფასებით, პროკურატურის ქმედება ადასტურებს იმას, რომ კობაურის ბრალეულობის დამტკიცების საფუძველი არ არსებობს, არაეფექტიანია მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ან პროკურატურამ აღნიშნული საქმის მიმართ ინტერესი დაკარგა. 

“არ გვინდა ვიფიქროთ, რომ პროკურატურას ნაფიც მსაჯულებთან, რაიმე სახით კომუნიკაცია აქვს. ​ბრალდების მხარემ დაიბარა მოწმეები, კონკრეტული ექსპერტები, საგამოძიებო ექსპერიმენტებში მონაწილე პირები, მაგრამ არ გამოიკვლია ეს დოკუმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საკუთარ მტკიცებულებაზე და საკუთარ დასკვნაზე პროკურატურამ უარი თქვა. ​არც ერთი ნივთმტკიცება, რასაც გამოძიება გვედავება, არ რჩება საქმეში. გადავედით დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე. სასამართლოში გამოძიებაში მონაწილე ყველა პოლიციელს დავკითხავთ. ხვალ დაიკითხებიან ექსპერტები და ეს პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე ინფორმაციით, სმიტების მკვლელობის გამოძიებას აქტიურად ადევნებს თვალს აშშ-ს საკონსულო. მთავარი კონსული ესწრება დახურულ სასამართლო პროცესებს, რათა დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს მართლმსაჯულება. 

ხადას ხეობაში, ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები