პროექტი “ზრდა” – უპროცენტო სესხების მხარდაჭერა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მეწარმეებისთვის

10-14 მარტს ზუგდიდსა და გორში გაიმართა მე-7 ციკლის საინფორმაციო სემინარები სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრები მეწარმეებისათვის, სადაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტების მენეჯერმა, დავით გუჩუამ, სტუმრებს მიმდინარე პროექტი, სახელწოდებით „ზრდა” გააცნო. საინფორმაციო შეხვედრას 50-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო.

„აღნიშნული შეხვედრების მიზანი პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება გახლდათ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს უპროცენტო სესხების გაცემის ვადებისა და პროცედურების შესახებ, განვუმარტეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოყენეული იქნება სესხის კომიტეტის მიერ გამარჯვებულთა შესარჩევად“, – განაცხადა დავით გუჩუამ.

თებერვალში დასრულდა საინფორმაციო შეხვედრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/სამაჩაბლოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში. „ზრდას“ თანამშრომლებმა სოფლებში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ, რომელის ფარგლებშიც ადგილობრივ მეწარმეებს შეუძლიათ 500-5000 ლარის მოცულობის უპროცენტო სესხების მიღება ბიზნესის განვითარებისთვის. საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა 200-მდე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო.  

„პროექტი „ზრდა“ ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა საოჯახო ბიზნესის გასაფართოებლად. ქალაქი ჯვარი სვანეთის გზაზე მდებარეობს, აქ ტურისტების ნაკადი დიდა და საოჯახო სასტუმროებიც კარგად მუშაობს. ჩემი ბიზნეს წინადადებაც ამ მიმართულებით მინდა შევადგინო, ვფიქრობ გავაფართოვო საქმიანობა და რამდენიმე ოთახი დავამატო. 4000 ლარი სასტუმროს გაფართოებისთვის საკმარისი იქნება და უპროცენტო სესხის დაბრუნებაც არ გამიჭირდება“, – ამბობს ზუგდიდის საინფორმაციო სემინარის მონაწილე, სოფელ ჯვარის მკვიდრი ლაშა გახარია.

იაკობ კეპაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში ცხოვრობს, ის ცენტრი „აფხაზეთის“ გორის ოფისში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო და ფიქრობს „ზრდას“ პროექტით ისარგებლოს, რადგან უპროცენტო სესხის გასტუმრებას მარტივად შეძლებს. „მაქვს ვაშლის, ატმის და ქლიავის ბაღები. გაზაფხულზე აუცილებელია მცენარეების მინერალებითა და სასუქებით გამდიდრება. პროფესიით აგრონომი ვარ და ვიცი, რომ ასე 30-70 % მეტი მოსავლის მიღებას შევძლებ“, – ამბობს ის.

აპრილის დასაწყისში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და „ქემონიქს ინტერნეიშენალის“ თანამშრომლების მონაწილეობით სასესხო კომიტრეტის სხდომა გაიმართება. სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები 15-18 მეწარმე 500-5000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხს მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროექტი და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეტის/სამაჩობლოს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს.

პროექტი 2016 წლიდან დაიწო და დღემდე უპროცენტო სესხით ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 79-მა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმემ ისარგებლა (შიდა ქართლის რეგიონი 2019 წელს დაემატა). „ზრდა“ 2021 წლამდე გაგრძელდება და საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 150 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას.

მთლიანი სასესხო კაპიტალის ოდენობა 625 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები