დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს, 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი – მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პარლამენტში განუცხადეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.

საზეიმო დღეს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო ლექციებსა და თემატურ გამოფენებს უმასპინძლებს. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი ჩატარდა. 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  კონკურსში გამარჯვებულებს სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოვებს.

ირაკლი კობახიძე მოწვეულ სტუმრებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლებს, სადაც თემატური გამოფენა და რობერტს სტურუასა და გია ყანჩელის სპეციალურად ამ საზეიმო თარიღისთვის მიძღვნილი ერთობლივი ნამუშევრის წარმოდგენა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატური გამოფენები და საჯარო ლექციები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით, საჯარო ლექციაც.

მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე “ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში“, სადაც მონაწილეობას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის დეპუტატი ქალები მიიღებენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

მსგავსი თემები