დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი მეუღლის სამეფო ოჯახს, დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ჩემი მარწმუნებლის სახელით ვაცხადებ, ძალიან ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ დავაში მონაწილეობა. ჩვენი მხარე არ არის მოცემული დავის ინიციატორი. ვმონაწილეობთ, როგორც მოპასუხე მხარე, ჩვენ გვიჩივიან და იძულებული ვართ, თავი დავიცვათ“, – აღნიშნულის შესახებ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული დავა არის უკიდურესად არასერიოზული, დროში და სივრცეში რეალობას აცდენილი, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.   

„დღევანდელ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას სხვა ყოფითი პრობლემები და საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია მსგავს თემაზე დავა. მოსარჩელე მხარეს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ეს არაფრის მომცემი დავა და დავუბრუნდეთ პირვანდელ მდგომარეობას, რადგან აღნიშნული პროცესი იწვევს გაღიზიანებას საზოგადოებაში.

დავის საგანია ის, რომ მოსარჩელე პირები, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები, უჩივიან დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილს და მოითხოვენ მისგან, აეკრძალოს მათი სახელის გამოყენების უფლების შეზღუდვა და მათი სახელის გამოყენებით, მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ჩემს მარწმუნებელს მოსარჩელეთა სახელით არასდროს უსარგებლია და არ გამოუყენებია მათი სახელი არანაირი ფორმით. დავის მიზანი არის ის, რომ გრუზინსკების სახლმა, რაიმე ფორმით სახელმწიფოსგან მიიღოს აღიარება, რომ ისინი არიან საქართველოს სამეფო სახლის და საქართველოს მეფეთა შთამომავლები”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

უფლებადამცველის განმარტებით, ბაგრატიონ-გრუზინსკები დოკუმენტურად ვერ ადასტურებენ, რომ ნამდვილად საქართველოს მეფეთა შთამომავლები არიან და ცდილობენ, მსგავსი აღიარება სასამართლოსგან მოიპოვონ.

„ისინი ვერ ადასტურებენ დოკუმენტურად რომ საქართველოს მეფეთა შთამომავლები არიან, რამეთუ არ აქვთ გენიოლოგია წესრიგში. ისინი ცდილობდნენ მთავრობისგან და პარლამენტისგან მიეღოთ მსგავსი აღიარება, რასაც ვერ მიაღწიეს.

ახლა ამდაგვარი ფორმით ცდილობენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით დაფიქსირდეს მათი კავშირი საქართველოს სამეფო სახლთან,”- აცხადებს ადვოკატი „მთავართან“.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არანაირ სამეფო ტიტულს არ აღიარებს, რასაც ბაგრატიონ-მუხრანელები სასამართლოსგან ითხოვენ.   

„საქართველო, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 1921 წლის კონსტიტუციით, არის რესპუბლიკა. ყოველგვარი არისტოკრატიული და სამეფო ტიტული საკანონმდებლო დონზე არის გაუქმებული და სახელმწიფო ამ ტიტულებს არ აღიარებს.

მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს იმ ტიტულებისა და სახელის დაცვას, რომელიც გაუქმებულია დაახლოებით 100 წლის წინ და ეს სახელმწიფო ამ ტიტულებს არ აღიარებს”- განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები