18 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულებისთვის კონტროლი ეტაპობრივად აღდგება

“ორშაბათიდან, ვინც ოჯახში მუქარისთვის, ოჯახური ძალადობისთვის ან ოჯახში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის არის პირობითი მსჯავრდებული, ყველას მოუწევს გამოცხადება. დანაშაულის დანარჩენ კატეგორიებზე ეტაპობრივად გავაკეთებთ სხვადასხვა განცხადებას და ვვარაუდობთ, რამდენიმე კვირაში ყველა პრობაციონერი ე.წ. იანვარ-თებერვლის რეჟიმს დაუბრუნდება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს იქნება 1 500-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით.

„მარტში ერთი თვით, ხოლო შემდეგ საგანგებო მდგომარების ვადით ვთქვით, რომ არც ერთი პრობაციონერი დროებით აღარ გამოცხადდეს კონტროლისთვის პრობაციის ბიუროებში, რადგან მათი რიცხვი არ არის პატარა და ეს თავყრილობებს ქმნის. ჩვენ ეტაპობრივად მოგვიწევს ეს კონტროლი აღვადგინოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და მინისტრის ბრძანებაც არის, რომ 18 მაისიდან პირობითი მჯავრდებულების პირველი ჯგუფი ვალდებული იქნება დაუბრუნდეს ჩვეული კონტროლის რეჟიმს. ეს იქნება 1 500-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით, ვინც ოჯახურ, ან ოჯახში ჩადენილ დანაშაულებშია პირობითი მსჯავრდებული. ეს დანაშაულები გამოიკვეთა პირველ ეტაპად იმისთვის, რომ სწორედ ოჯახის შიგნით უფრო დიდხანს რჩებიან ადამიანები ერთმანეთთან ჩაკეტილ სივრცეში და უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ თუკი ადამიანი ამის გამო არის პირობითი მსჯავრდებული, შეიძლება ოჯახის წევრებს გაუჩინოს რაღაც ტიპის დაუცველობის განცდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინსტრმა.

მსგავსი თემები