განათლება თბილისში, ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება – კახა კალაძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე დადებითად აფასებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებულ განათლების სფეროს სწრაფი განვითარების გეგმას და თავის მხრივ, როგორც დედაქალაქის მერი, სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.

​როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ქალაქის ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შეუწყობს ხელი.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს, ვალების აღება უწევდათ, ხარისხიანი განათლებისა და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივის მისაღებად. 

​თბილისის მერის აზრით, უმაღლესი ხარისხის განათლება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან თუ სხვა გამოწვევებისგან  გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

“პირადად ჩემთვის უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარ სამშობლოში ჩამოტანა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ. ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, ​განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც სამომავლოდ, მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ღირსეული ანაზღაურებისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ პრემიერის ინიციატივა, ახალ, ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს.  


მსგავსი თემები