ინიციატივას „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“, ექსპერტები აფასებენ

„6% მთლიანი შიდა პროდუქტის, ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიური ტრანსფერების შესაძლებლობას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას, საცდელი მეურნეობების გაკეთებას. მოკლედ, ეს არის მთელი სპექტრი იმ სერიოზული, ასე ვთქვათ პროგრესის, რომელიც შეიძლება მოყვეს ამხელა ფინანსირებას. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, აბსოლუტურად მივესალმებით. ეს შექმნის რეალურად შესაძლებლობას სერიოზული რეფორმის განხორციელებისთვის,” – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

პრემიერის ინიციატივაში საუბარია, რომ ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად წარიმართება.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა კი ამბობს, რომ 2-3 წელიწადში ამ მიზნების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა, საჭირო და აუცილებლად გასაკეთებელი.

„საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ დასახული მიზნების მიღწევას. ისეთი გამოწვევებია დღეს საქართველოში, 2-3 წელიწადში ამ მიზნების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების სისტემის, სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით მასწავლებლების კორპუსის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მალე დაიწყება ასეთი რაღაცეების კეთება მით უკეთესი, ეს დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. ეს ცალსახადა პოზიტიური ნაბიჯია”,- აცხადებს რევა აფხაზავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ეროვნული დოვლათის ექვსი პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი, განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის წარიმართება.

მსგავსი თემები