ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნებისთვის” მეორე სუნთქვა იქნება – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი, დადებითად აფასებს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, ვისთან ერთადაც შექმნეს “ქართული ოცნება” და იციან მისი განწყობის შესახებ.  

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდისთვის მეორე სუნთქვა იქნება.  

“ჩვენ არ ვართ მიტოვებულები, ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები. ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩემში გაკვირვებას იწვევდა. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. არ დავიწყებ იმ დაპირებებზე ლაპარაკს, რასაც ამომრჩეველს ვპირდებოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი დღეს,  განაწყენებულია. ჩვენთვის პარტიის კარი არასდროს ყოფილა დაკეტილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ყველა ჩამოიშორეს”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.  

​მისივე თქმით, ყველაფერს თუ არ დაერქვა თავისი სახელი, გამორიცხულია, ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” კიდევ დაუჯეროს. 

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილი აზეიმეს გამარჯვება. გუნდმა, რომელიც ამ არჩევნებზე მუშაობდა, ფაქტობრივად მოატყუა ივანიშვილი. მათ ასეთი გათვლა გააკეთეს, ხმების 25% -ს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსით მიიღებდნენ, ხოლო დანარჩენი 30% მოსახლეობაში გარანტირებული მხარდამჭერი ეყოლებოდათ. მაგრამ, ასე არ მოხდა. საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები როცა დაიხურა, სულ სხვა რეალობა დადგა. შეცდომაში შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი და უთხრეს 53-54% -ით ვიგებთ არჩევნებს-ო. ივანიშვილს რომ სცოდნოდა არჩევნებს ვერ იგებდა, სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლისთვის მისაღები იყოს”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც საქმის გაკეთების სურვილი კი აქვთ, მაგრამ კომპეტენცია არ ჰყოფნით. შესაბამისად რაღაც ისე ვერ გააკეთეს როგორც საჭირო იყო. 

მსგავსი თემები