საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ორი დეპუტატი ტოვებს

​პარლამენტის დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა, უმრავლესობის რიგები დატოვეს და ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებში” გაწევრიანდებიან. დეპუტატებმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართეს.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ჟორჟოლიანსა და წიკლაურს საპროცედურო კომიტეტისთვის საკუთარი ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადით ჯერ არ მიუმართავთ.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ჯერ არ არის შემოსული გია ჟორჟოლიანის, ასევე მირიან წიკლაურის განაცხადი ფრაქციიდან გასვლის შესახებ. განაცხადი მხოლოდ არის უმრავლესობის დატოვების შესახებ. ტექნიკური საკითხია, თუმცა შემდგომში, როდესაც ისინი ითხოვენ სხვა ფრაქციაში გაწევრიანებას, პროცედურულად ეს შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ ოფიციალურად არ შემოვა იმ ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადი, სადაც ისინი იმყოფებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღესვე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ და ფრაქციაში გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი თემები