კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

თბილისის საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე ხვალიდან, 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. კერძოდ, N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით, კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ.

ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. 

კანდელაკის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს. იგეგმება, სანიაღვრე სისტემის, წყლისა და წყალარინების ქსელის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება. 
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს.

მსგავსი თემები