ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება პრიორიტეტულია – თბილისის მერი

თბილისის მერიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმების დაწესებას ითვალისწინებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. საკანონმდებლო ინიციატივამ პარლამენტის მხარდაჭერა მიიღო, რისთვისაც დედაქალაქის მერი დეპუტატებს, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს მადლობას უხდის. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა მხოლოდ გამწვანებით ეს პრობლემა არ მოგვარდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები კი, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე გამგეობები. თვალშისაცემია გამწვანება და ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მიმართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. აღნიშნული კანონპროექტების მიხედვით, მათ შორის, სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ, კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეგვაქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ამზადებს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ ტრანსპორტის განახლება, ტექნიკური ინსპექტირება.  

მსგავსი თემები