Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ.

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის: Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია, არა მხოლოდ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს მართოს მარიოტის საერთაშორისო ქსელში არსებული 21 ბრენდი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი თემები