მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამას იწყებს

მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი პროგრამა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი. შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით მოახერხონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2018 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“გასული წელი  გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები