27 დეპუტატის თავდების მიუხედავად დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან პოლიციასთან დაპირისპირებისა და სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით დაკავებული, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, კვლავ პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლე ნუნუ ნემსვიწერიძემ, კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

კირკიტაძის ადვოკატმა, მოსამართლეს დღეს გირაოს სანაცვლოდ კირკიტაძის გათავისუფლება მოითხოვა, ამისთვის ქვეყნის 15 000 მოქალაქის ხელმოწერა და პარლამენტის 27 დეპუტატის თავდების წერილი წარადგინა.

დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები