25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა – პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე დღეს, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.​

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან გმირულად დაიღუპნენ ახალგაზრდა იუნკერები. თითქმის ერთი საუკუნის წინ, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად მოახდინა საქართველოს ანექსია. ტაბახმელა-კოჯორში კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერების წინააღმდეგობას წააწყდა. გადამწყვეტი ბრძოლა კოჯრის ციხესთან გაიმართა, სადაც დღეს იუნკერების მემორიალი დგას.

გასაბჭოებულ თბილისში ამ ახალგაზრდების ხსოვნას ფარულად მიაგებდნენ პატივს. ექვსი წლის წინათ კი, საქართველოს პარლამენტის სპეციალური დადგენილების საფუძველზე ეს დღე საქართველოს ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ქართველ იუნკერთა სახელს ატარებს თბილისის №52 საჯარო სკოლა. თბილისელი იუნკერების ხსოვნას ტრადიციულად მიაგებენ პატივს ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები.
 

მსგავსი თემები