შეშინებული და ტრავმირებული დათვის ბელი თბილისის ზოოპარკში შეიფარეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცაგერიდან, დაობლებული დათვის ბელი ჩამოიყვანეს და თბილისის ზოოპარკს გადასცეს.

ბელი ტრავმირებულია, ერთი კიდურით კოჭლობს. ზოოპარკში მას სახელად გარინჩა შეურჩიეს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას საპატივსაცემოდ, რომელიც ცალი ფეხით კოჭლობდა, მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა.

“ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო. ჩვენი გარინჩა არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან, მის სასეირნოდ გატყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო”, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

მათივე ინფორმაციით, დათვის ბელს უმკურნალეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს.

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ადამიანებს მოუწოდებს, – ნუ დააობლებენ ბელებს.  

მსგავსი თემები