“ძვლები რად გინდათ, სულებისთვის ჩვენ ვლოცულობთო” – რუისში საფლავები გადათხარეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სასაფლაოს ტერიტორია ტრაქტორით  არის გადათხრილი. საფლავზე ასულ ჭირისუფლებს უცნაური სურათი დახვდათ. საფლავის ქვები და მიცვალებულთა ძვლები ტერიტორიაზეა მიმობნეული, ზოგი საფლავი კი ჩაცემენტებულია.

სოფლის სასაფლაოზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტოები და ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” სოციალური ქსელის მომხმარებელმა, აკა სინჯიკაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, სასაფლაოზე არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახა, როცა მეგობრის პაპისა და ბებიის საფლავის სანახავად ავიდნენ. მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ ყრია. საფლავის ქვებთან ტუალეტი და საქათმე აუშენებიათ.

როგორც აკა სინჯიკაშვილი ამბობს, ვითარების გასარკვევად მონასტრის ეზოში შევიდნენ, სადაც უთხრეს, რომ ტრაქტორით მოთხრილი საფლავებიდან ამოღებული, მიცვალებულების ძვლები ერთად დამარხეს.

“ძვლები ახლაც შეგხვდებათ ამ ეზოს გარშემო, თუ მოძებნით. პაპის და ბებიის საფლავი მოვიკითხეთ და გვითხრეს, ქვა და ძვლები რად გინდათ, სულებისთვის კიდევ ჩვენ ვლოცულობთო. ათობით საფლავზე ზემოდან ცემენტი დაასხეს და ეზო გააშენეს. იმ წინაპრების საფლავები კი, ცრემლმორეულები ფეხზე ადგომით რომ ვსვამთ სადღეგრძელოებს, აღარ არსებობს და ქვები ხარახურასავით არის გადაყრილი ახლადგარემონტებული მონასტრის ეზოს გარშემო. ზედ ნაგავი აყრია, კი ხედავთ! ეზოში კი არის გამართული ლამაზი ბაღი და ახალი შენობები! გვაინტერესებს ვინ ქნა ეს? შთამომავლებმა სად იპოვონ პაპის საფლავი! ვინმემ არ თქვას, საღვთო საქმეაო ეს, თორემ გაგიჟებას ვართ ისედაც! რუისელი არავინ ხართ? ადით, წინაპრის საფლავის ადგილას ეს დაგხვდებათ, რასაც ფოტოზე ხედავთ! მტერი არ კადრულობდა საფლავების შეურაცხყოფას, რა ჰქვია ამას? თქვენ გვითხარით, თუ იცით ვინმემ პასუხი!”, – აცხადებს აკა სინჯიკაშვილი. 


მსგავსი თემები