ბათუმის მერიამ კაფეების მეპატრონეებს ქვეითებისთვის ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინეს, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი შენობაში შეატანინეს.

​როგორც ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე განმარტავს, ტროტუარებზე, სადაც სათანადო ფართობი არ არის და ქვეითების გადაადგილება შეიზღუდება, ქალაქის მერია მაგიდების დადგმისა და გარევაჭრობის ნებართვას არ გასცემს. ტროტუარზე სულ მცირე ერთი მეტრის მანძილი უნდა იყოს ქვეითებისთვის.  

რესტორნის მეპატრონეები აცხადებენ, რომ თუ მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ დართავს, მათი კლიენტების რიცხვი განახევრდება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი საერთოდაც მოუწევთ თავიანთი ბიზნესი დახურონ, რადგან დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია და აღარ ექნებათ საშუალება, მწეველ კლიენტებს მოემსახურონ.

ძველ ბათუმში მდებარე კაფეების მეპატრონეებმა გაფრთხილება 20 თებერვალს მიიღეს.

“კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლია ძველ ბათუმში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში განთავსებულ ობიექტებზე რეკლამის, გარევაჭრობის განთავსების ნებართვებს იძლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამიტომ ასეთი კაფეების მფლობელებს დასჭირდებათ ჯერ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, შემდგომ კი არქიტექტურა და გარევაჭრობის განყოფილება გასცემს შესაბამის ნებართვას”, – განმარტავს ჯუმბერ კობალაძე.

მსგავსი თემები