აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება – მინისტრი

“საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვთხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლეს გაუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მათი მიზანია, მშობლებს განუმარტონ, რომ ვაქცინის გაკეთება მათი შვილებისთვის, აუცილებელია, მოსახლეობას კი სთხოვს, ნათქვამი სწორად გაიგონ.

“ცალსახად მინდა განვმარტო და თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება მიაქციონ თითოეულ სიტყვას ამასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვითხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლეს შეუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.

ამოცანა ის არის, რომ მშობლების ყურადღება გავამახვილოთ, რათა იზრუნონ და იცოდნენ, რომ ვაქცინაცია გასაკეთებელია და არა იმისთვის, რომ სტატუსი შეუჩერონ ვინმეს. ალბათ, ერთეული გაუგებრობა იყო, თუ სადმე ითხოვდნენ წითელას აცრის ანტისხეულების ანალიზით დადასტურებას. ამის საჭიროება არ არსებობს. საკმარისია წარადგინო ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები