ბოდიშის მოხდაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოება შეიტყობს, რომ კანონს ხმა მისცა “ნაცმოძრაობის” სრულმა შემადგენლობამ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მმართველი გუნდის დატოვებას, პიარზე გათვლილ ქმედებად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

მისივე თქმით, ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომლის მხარდაჭერაც სასამართლო სისტემას მთლიანად დაანგრევდა.

„მიუხედავად იმისა, როგორ განცხადებებსაც ვისმენთ 2 დღის განმავლობაში უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, მე ძალიან მეუხერხულება ადამიანებთან იგივე ენით საუბარი. ამისგან თავს შევიკავებ და წარმატებას ვუსურვებ მათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალობა არის ასეთი: უმრავლესობამ ხმა არ მისცა ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას.

ამ შემთხვევაში პერსონები არაფერ შუაში არიან. არაპრაქტიკული კანონი იყო და იგი სასამართლო სისტემაში დატოვებდა მხოლოდ 175 მოსამართლეს.

თუ მათ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება ამის გამო მიიღეს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ სწორად, ისე, როგორც მოხდა. ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი მე პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე გათვლილი მოქმედებაა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართველი ოცნების“ თავმჯდომარე ეკა ბესელიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს კოლეგების წინაშე, მათი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსში დადანაშაულების გამო.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ბოდიშის მოხდაზე მას შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ვაცნონებთ, რომ ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს, ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა წარმომადგენლობამ.

„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ასევე ვეტყვით, რომ იმ ანტიკონსტიტუციურ და ყოვლად მიზანშეუწონელ კანონს, ინიციატორებთან ერთად, ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა წარმომადგენლობამ. რეალურად არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ჯგუფის სახით წარმოდგენილი პარლამენტში და მათი სრული მხარდაჭერა ჰქონდა ამ კანონპროექტს.

მე ზედმეტ წიაღსვლებში არ წავალ, ეს იყო შემთხვევითი, ეს არის ინტერესების დამთხვევა თუ ა.შ. მაგრამ თუ ბოდიშის მოხდაზე საუბრობენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი თემები