17 მაისს, თბილისში, მაღალი დონის ღონისძიებები გაიმართება და კონცერტიც შედგება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაუგებრობა, ამ ეტაპისთვის, მოხსნილია. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ 17 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორმა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხალმძღვანელმა კოტე სვანაძემ განაცხადა, ეს დღე სიახლეებით ჩაივლის და ხელოვანების მხრიდან, კონცერტში მონაწილეობის ინტერესიც საკმაოდ დიდია.

„ ჩვენი ორგანიზაცია მეხუთე წელია, ორგანიზებას უწევს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს ოჯახს. წელს, წინა წლებთან შედარებით, გარკვეული სიახლეები გვაქვს. იგეგმება მასშტაბური საზეიმო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან. ასევე, შემოგვიერთდებიან სხვადასხვა გაერთიანებები. რუსთაველის გამზირის გავლის შემდეგ, პატრიარქი ყველა მონაწილეს მიიღებს და სამების ტაძარში დალოცავს. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება სამების ეზოში, გალავანთან, დასკვნითი კონცერტი“ – აღნიშნა კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ გაუგებრობა, რომელიც 17 მაისთან დაკავშირებით გავრცელდა, სწორედ კონცერტს და მომღერლებს შეეხებოდა. კერძოდ, ზოგიერთმა ცნობილმა და ცნობადმა მომღერალმა, 17 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ეს სხვა საზოგადოების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდებოდა.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კოტე სვანაძე კი აცხადებს, რომ პრობლება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. მისი განცხადებით, მომღერალთა ნაწილმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მართლაც ქალაქიდან გასვლა ჰქონდათ დაგეგმილი.

„ეს ყველაფერი დაიგეგმა გარკვეულ დროში და ის უზუსტობები, რომელიც არაოფიციალური სახით გავრცელდა, იყო ტექნიკური პერსონალის შეცდომა. ჩვენ, საკმაოდ ვრცელი სია გვქონდა, ვისაც კონცერტში მონაწილეობისთვის მოვიაზრებდით. ზოგ მომღერალთან მოლაპარაკება დასრულებული იყო, ზოგთან კი პროცესში იყო. სახელებს ვერ ჩამოგითვლით. ვისთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, მათთან მოლაპარაკება დასრულებული არ იყო. აღმოჩნდა, რომ ისინი თბილისში ფიზიკურად არ იქნებიან და კონცერტში ამ მიზეზით თქვეს უარი და არა სხვა მიზეზით“, – აღნიშნა კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, 17 მაისს, თბილისში მაღალი დონის ღონისძიებები გაიმართება. ასევე, სამების ეზოში, დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიება ბავშვებისათვის. სწორედ ამ დღეს იგეგმება იმ 1000 ოჯახის დალოცვა და დაჯილდოება, რომელსაც მეხუთე შვილი შეეძინათ.

მსგავსი თემები