,,ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა”- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტსაქვეყნებს. ინფექციონისტი ხანგრძლივი ხველის სამკურნალოდ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას უზიარებს.

,,ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს “ხველის წამალი”, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა “უნდა მოურჩინოს”. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.

“ხველის წამლების” ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას “არ შველის”, უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს – „წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.

ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც “მორჩენა” კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.

მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა. ამიტომ, ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს. მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიხებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.

საყურადღებო სიმტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი. ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია,”- წერს მაია ბუწაშვილი.

მსგავსი თემები