ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.

უწყების ცნობით, გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა(პოლონეთი)  და ბრნოში (ჩეხეთი).

,,შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას” – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, უცნობმა პირებმა ვატიკანში უკრაინის ელჩის რეზიდენციის შესასვლელი დააზიანეს, ხოლო ყაზახეთში საელჩომ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა, ხოლო აშშ-ში უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.

,,გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს კარგად დაგეგმილი ტერორი და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია, თუმცა, ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მსგავსი თემები