,,ვმსჯელობთ, რა ფორმით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახალხო დამცველი”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით იქნება ჩართული სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. ომბუდსმენის თქმით, გაეცნო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, თუმცა მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს.

,,ჩვენ გადმოგვეცა დასკვნა კონფიდენციალურად. ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს დასტური, რომ მე, ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დიაგნოზების და დასკვნის შინაარსის თაობაზე. ამიტომ ამ გარემოებებს დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა უფრო მეტადაც ვისაუბრებთ.

ჩემ სამედიცინო კონსილიუმთან აქტიური კონსულტაციები მაქვს, გავაცანით ეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია კონსილიუმთან. დღეს გარკვეული საკითხები იყო დასაზუსტებელი, რის გამოც, ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები