K2 კოეფიციენტის მომატებაზე ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზეა ნებართვა გაცემული – მამუკა სალუქვაძე

თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრის, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორ მამუკა სალუქვაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიას ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზე აქვს ნებართვა გაცემული. კოეფიციენტის შეზღუდვის თემა სათავეს სწორედ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან იღებს, შესაბამისად, მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.    

როგორც მამუკა სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, K2 კოეფიციენტის შეზღუდვა თბილისში, აქამდე ნაწილობრივ მოქმედებდა, რადგან წინა მოწვევის საკრებულომ ასე ჩათვალა საჭიროდ. გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელიც სართულიანობის მომატების მთელი ქალაქის მასშტაბით შეზღუდვას გულისხმობდა, მაშინ აკრძალვა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში შემოიღეს.  

​მისივე განმარტებით, K2 კოეფიციენტის გაზრდა განაშენიანების რეგულირების გეგმისა(გრგ) და სპეციალური ზონალური შეთანხმების მეშვეობით ხდებოდა. ეს ხვრელი დღეს უკვე ამოიქოლა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ეხება სარეკონსტრუქციო უბნებს, გაჩერებულ მშენებლობებს.

მამუკა სალუქვაძის თქმით, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სხვა ბერკეტები და განისაზღვრება, თუ რა ფარგლებში იქნება შესაძლებელი შენობების სართულიანობის მომატება.

“განაშენიანების წესები და მიწათსარგებლობის განახლებული გეგმაც, მარტში დამტკიცდება. ხრუშჩოვკებსა და ბევრ სარეკონსტრუქციო უბანზე როცა ვსაუბრობთ, ეს გენგეგმითაც არის განსაზღვრული, იქ რა თქმა უნდა იქნება კოეფიციენტის მომატებაზე გარკვეული დაშვებები. გენგეგმის დამტკიცებამდეც, თითქმის ამ დოკუმენტის მიხედვით მოქმედებს ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სამსახური. K2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების გარეშეც უკვე ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენს ქალაქის იერსახისადმი თბილისის მერია. უკვე აშენებულ შენობებს ეს ვერ შეეხება, თუმცა შესაძლებელია მერიამ გარკვეული ბერკეტები გამოიყენოს”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.  

მსგავსი თემები