169 ქუჩა, 25 სკვერი, 47 სპორტული მოედანი – თბილისის მერმა პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა 

თბილისი მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობების მუშაობის, წლის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა და იმ რაიონების გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებს, რომლებმაც შესრულებული სამუშაოების 91-98 %-იანი შედეგი აჩვენეს, მადლობა გადაუხადა, ხოლო რამდენიმე რაიონს, რომლებსაც მცირე ჩამორჩენა, კერძოდ, სამუშაოს 75 – 78% -იანი შესრულება აქვთ, გააქტიურებისკენ მოუწოდა.
​როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 58 % ჰქონდა სამგორის რაიონის გამგეობას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად ​გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
“ძალიან ვაფასებთ ასეთ მიდგომას. საპასუხისმგებლოა იყო რაიონის ხელმძღვანელი. ჩვენ, ყველანი ვართ თვითკრიტიკულები, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს, ჩემი პირადი ინტერესია რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს და უფრო განვითარებულ ქალაქად”, – განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის ​ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე შეჯამებული მონაცემები წარმოადგინა.
​მისი ინფორმაციით, კაპიტალურად და ფრაგმენტულად კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე. მოეწყო და რესტავრაცია ჩაუტარდა 25 სკვერს, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რესტავრაცია ჩაუტარდა 44 მისამართზე. სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოეყო 37 000 ბენეფიციარს.
“უნდა განვაგრძოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან, მოსახლეობის მხრიდან არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქში არსებული ვითარება. ვიცი, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით შევძლებთ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები