პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება. იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.

ცვლილებები შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ცვლილებების თანახმად, გაიზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.

საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად და ამ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

მსგავსი თემები