მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებულ სახლებს თბილისის მერია დაანგრევს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა. ვარკეთილში, კონკრეტულ ტერიტორიებზე, შენობის საძირკვლის ჩასასხმელად ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც მერიამ, დროული რეაგირება განახორციელა. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონო და ყაჩაღურად მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია. არის შემთხვევები, როცა მიტაცებულ ტერიტორიებზე მცირე ზომის შენობები აქვთ ჩადგმული და მათ მფლობელებს აქვთ განცდა, რომ დაუკანონებენ.

“ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს. მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ და უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. 

თბილისის მერის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ის კომპანია, რომელიც მსგავსი უკანონო ფაქტების აღკვეთის შემდეგ, შესაბამის სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს. 

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან “, – განცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები