თბილისში, დღეს, გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა იზღუდება

 

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, თბილისის ცენტრალურ ნაწილში,  რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება.  დღეს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე – მეტროსადგურ “რუსთაველამდე”, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

შს სამინისტრო 17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოუწოდებს, თან იქონიონ მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“), წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” არსებული კიბით. ჟურნალისტებმა კითხვების შემთხვევაში უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

მსგავსი თემები