,,გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში”- ”ხალხის ძალა”

,,ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს,”- ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპუტატების თქმით, ნიკა  გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, ”საბოლოოდ ჩადგა თუ არა სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში”.

„სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა.

ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტინქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“,- აღნიშნულია ხალხის ძალის განცხადებაში.

მსგავსი თემები