“ეს არ არის სავალდებულო დაზღვევა, ეს მესამე პირის დაზღვევა და დაცვაა“ – შალვა ოგბაიძე

“მსოფლიოში მესამე პირის დაზღვევა ჩვეულებრივ, მიღებული ფორმაა. საუბარია მესამე პირის დაზღვევაზე, რომელსაც თქვენ, შემთხვევით მიაყენებთ ზარალს. თქვენს მიერ არჩეულ სადაზღვეო კომპანიას თქვენი პასუხისმგებლობა დაზღვეული აქვს და მესამე პირის ავტომობილის დაზიანების, საავადმყოფო ხარჯებია, თუ მუნიციპალური ქონების ხარჯებს სწორედ ის დაფარავს“ – აღნიშნა თბილისის საკრებულოს წევრმა, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ავტომანქანის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ის სადაზღვევო კომპანია, რომელსაც მძღოლი აირჩევს, პასუხისმგებლობას იღებს ყველა ზარალზე, რომელსაც ეს კონკრეტული პირი სხვას მიაყენებს.

„დაზღვევა ეხება სხვა მანქანას, სხვა ადამიანს და იმ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომ ადამიანებს, ვისაც თქვენ ზარალს მიაყენებთ. თუნდაც სხვა, რომ თქვენ დაგეჯახოთ, გარანტირებულად იცით, რომ თქვენი ზარალი ანაზღაურდება და აღარ არის საჭირო არაფორმალური გარჩევა, ნაცნობების ჩარევა, ძვირადღირებული ექსპერტირების დანიშვნა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე ადამიანს აუნაზღაუროს ზარალი სრულად,” – აღნიშნა ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება დაზღვევის ოდენობას, რესპონდენტის შეფასებით, ამაზე თავად სადაზღვევო კომპანიებმა უნდა ისაუბრონ: „როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შემიძლია გირჩიოთ, რომ ეს დაზღვევა აუცილებელია. ფასზე და გადასახადზე კი სადაზღვეო კომპანიებმა ისაუბრონ. კეთილი ინებონ და განმარტებითი სამუშაოები ჩაატარონ, აუხსნან მოსახლეობას რასთან გვაქვს საქმე.“

შეგახსენებთ, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართვლოში სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. კანონპროექტით დადგენილია წლიური დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ფასები. მაგალითად: მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი; მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი

მსგავსი თემები