რეზო ესაძის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება

21 თებერვალს 18:30-ზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

20:30-ზე კი, კინოთეატრ რუსთაველის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: ,,ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; “ნეილონის ნაძვის ხე” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან–პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); “საქორწილო საჩუქარი”; “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”; “ერთი ნახვით შეყვარება” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); “წკიპურტები”; “ყოველ შაბათს” (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); “წამზომი”; “ოთხი ფურცელი”; “ფრო”; “ერთხელ”; შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ვარლამი (“ქალაქი ანარა”, გრან–პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გაბროვოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); მეკურტნე გიო (“თბილისი – პარიზი – თბილისი”); მედუქნე გასპარა და მწყემსი სოსიკა (“ზოგი ჭირი მარგებელია”), ლეონარდო და სხვა.

ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი… მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.

რეზო ესაძე 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული. ღონისძიების სპონსორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია; აუდიტორული კომპანია RSM საქართველო, კორძაძის საადვოკატო ბიურო; თიბისი ბანკი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს კულტურის პალატა; საქართველოს კინოაკადემია; “შატო მერე ” , კომპანია iSTUDIO.

მსგავსი თემები