“თიბისის” სკანდალსა და ანაკლიის პორტის დაფინანსებას შორის კავშირი არ არის – მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი კონკრეტული პიროვნებების პროექტი არ არის, მასში მთელი კონსორციუმია ჩართული. პროექტს მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობა, რაც დიდი მოცულობის დაფინანსებაში გამოიხატება, იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუ პირდაპირი ინვესტიცია პროექტის კაპიტალში, რაც 100 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.

მინისტრის თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის განხორციელებით მთავრობა არ არის დაინტერესებული. გარკვეული გავლენა “თიბისი ბანკსაც” აქვს, თუმცა „თიბისის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან.

“რა თქმა უნდა, არასწორი და გასაკვირი იქნება იმის თქმა, რომ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს არანაირი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც გავლენა აქვს. “თიბისის” მისამართით სერიოზული და ფაქტებზე დამყარებული ბრალდებები ისმის. ამის უგულვებელყოფა არ შეგვიძლია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხზე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ბოლო დღეებში ატეხილი ხმაური დამთავრდება, რადგან მსგავსი მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად არ აისახება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს, ხელმოწერის უფლება შეუჩერა და მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. მამუკა ხარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.  

მსგავსი თემები