„ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, იმედი გვაქვს, სამშვიდობო მოლაპარაკება აღდგება“ – ჩინეთის ელჩი უკრაინის ომზე

„ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთ-უკრაინას შორის.

„ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს. ბევრ ქართველს აინტერესებს ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა“ – აცხადებს ჭოუ ციენი.

მსგავსი თემები