“ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება” – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მედიასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგებზე ისაუბრა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ქვეყნის წლევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს როგორც ჩინეთის, ისე მთელი მსოფლიოს განვითარებაზე.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის განვითარების მიღწევები და სამომავლო ამოცანებზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, ჩინური სტილის მოდერნიზაციაზე, საგარეო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია სახალხო დემოკრატია.

„როგორც სი ძინფინგმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში ერისა და პარტიის ცხოვრებაში ისტორიული დატვირთვის მქონე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან გავიდა 100 წელი. მეორე, დაიწყო ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ახალი ერა. მესამე, განხორციელდა „ასწლეულის პირველი მიზანი“, კერძოდ, აღმოიფხვრა უკიდურესი სიღარიბე და დასრულდა „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ ფორმირების პროცესი. ამ მომენტიდან, პარტიის ცენტრალური ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ –  ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ჩინელი ერის დიადი აღორძინება“ – აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება ჩინური სტილის მოდერნიზაციას, ელჩის შეფასებით, ეს  მსოფლიოს ხალხების საერთო მისწრაფებაა.

„დღეს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ჯამში 1.1 მილიარდამდეა, ხოლო ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს. ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება, რაც კაცობრიობის განვითარების ისტორიის სასწაული იქნება. სიტყვა „მოდერნიზაცია“ დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან“ ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად“ მიჩნევა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ბევრმა ქვეყანამ გადაიღო დასავლური მოდელი, შემოიღო ლიბერალური ეკონომიკა და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა მათ ორმაგი – პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი განიცადეს. რაში შეცდნენ ისინი?

ბოლო-ბოლო რა არის მოდერნიზაციის გასაღები? ჩინეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მოდერნიზაცია დასავლური მოდელის უსიტყვოდ მიღებას სულაც არ ნიშნავს. მხოლოდ საკუთარი ეროვნული პირობების შესაბამისი მოდერნიზაცია შეიძლება იყოს სწორი. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რთული ბუნებრივი პირობები და შეზღუდული რესურსები ჩინური მოდერნიზაციის თავისებურებებს განაპირობებს და საკუთარი გზით მოდერნიზაციას აუცილებელს ხდის“ – განაცხადა ჭოუ ციენმა.

მსგავსი თემები