,,ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და მათ, ვინც ხელს უშლიდა”- ანა ნაცვლიშვილი

„ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და ასევე განსჯის მათ, ვინც ხელს უშლის და ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა  ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  მოუსმინეს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არ ჩანდა ანგარიში იმ ათიათასობით ადამიანის წინაშე, ვინც 3 ივნისს რუსთაველის გამზირზე იდგა ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული  სახელმწიფო.

„თქვენ დღეს დაგიბარათ ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქართველ  ხალხს მოახსენოთ, რას აკეთებთ პირადად თქვენ და თქვენი მინისტრები ყოველდღიურად იმისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს  ისტორიულად დამსახურებული ადგილი  ევროპულ ოჯახში.  ევროპის რამდენ დედაქალაქში იყავით მას შემდეგ, რაც  ეს ისტორიული ფანჯარა გაიხსნა,  რამდენ პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდით, რამდენი ვიზიტი განხორციელდა მათი მხრიდან საქართველოში, რამდენ ქვეყანაში იყო ჩასული თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული პერსპექტივის და მომავლის ლობირებისთვის?“, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.  მისი თქმით, ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო 12 -პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ამ პროცესში ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტს, მაგრამ ნუ განაცხადებთ, რომ პრემიერი და მთავრობა თურმე ჩახსნილი უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობიდან. თქვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები