,,2023 წელს გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი კოვზნაძე

„არსებული გამოწვევების მიუხედავად,  ვფიქრობ, რომ 2023 წელს გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა,  ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი  შეიძლება კიდევ შევამციროთ.“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. 

ირაკლი კოვზანაძემ ბიუჯეტის დაგეგმვის კონსერვატიულ სცენარზე გაამახვილა ყურადღება: „არსებული გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ვეცადოთ შეძლებისდაგვარად რეალისტური სცენარი ავიღოთ. ჩემი აზრით,  ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ”- აღნიშნა თანამომხსენებელმა და    ბოლო წლების გამოცდილება გაიხსენა:  „გასული 2021 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდი რომ ორნიშნა ზრდა გვექნებოდა, ასევე ვამბობდი და ვითხოვდი დეფიციტის მაქსიმალურ შემცირებას. ჩემი პროგნოზები სწორი აღმოჩნდა. დეფიციტის შემცირებაზეა დამოკიდებული როგორც ლარის კურსის სიმყარე, ასევე ინფლაციის კლება და მთლიანობაში მონეტარული და ფისკალური სტაბილურობა“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ირაკლი კოვზანაძემ 2023 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. „იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე   პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.“-აღნიშნა  კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 14 ნოემბრის სხდომაზე მხარი დაუჭირა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

მსგავსი თემები