„რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე“ – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ერთადერთია, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილის მიმართ  ნორმალური განწყობა გააჩნია. მისი შეფასებით, ორბანი აქტიურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ოლიბერ ვარჰეი სწორედ ორბანის წარმომადგენელია.

„უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს აქვს როგორც საკუთარი პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, ოლიბერ ვარჰეიზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე და ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილიაციით. რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე. როგორც აღმოჩნდა, რეალურად გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე თუ ვსაუბრობთ ევროპაში, ვნახეთ, რომ დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც  ნორმალური განწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები