ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას პრეზიდენტის რანგშიც განაგრძობს.

პრეზიდენტი აპირებს პარლამენტს მიმართოს ახალი ინიციატივით, გამოინახოს ფორმა, რომ დიასპორას 1-2 წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში და არის ერთადერთი საშუალება, რომ ეს პარლამენტარები იყვნენ დიასპორის ინტერესების გამტარებლები. “იმედი მაქვს ყოფილ კოლეგებს დავარწმუნებ ამაში”, – აცხადებს პრეზიდენტი.  

როგორც სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა ჯერ კიდევ პარლამენტის დეპუტატობის პერიოდში დაიწყო და მისი მიზანია, დაპირება რეალურად შესრულდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, ასევე, მისი შენარჩუნების თვალსაზრისით.   

“ამ დღეებში კანონში უნდა შევიტანოთ ცვლილება, რომ ბევრად უფრო ადვილი იყოს ყველასთვის, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ასევე, გვინდა დაწესდეს შეღავათები, რომ ახალი პასპორტის აღება, ბევრი ოჯახისთვის არ იყოს რთული და ფინანსურად მძიმე. ​ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ცვლილება იყოს სრულყოფილი და არა ნაწილობრივი. არ შეიძლება საქართველომ დაივიწყოს თავისი მოსახლეობის მეოთხედი, თუ მესამედი, უკვე აღარ ვიცით. ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა მიზეზებისა და საჭიროების გამო ემიგრაციაშია წასული, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტკივილი და იმავე დროს დიდი კაპიტალი, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ელჩები”, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.  

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მეტად ბევრი ყურადღება მიაქციონ დიასპორას და ამ მიმართულებით, ცვლილება იყოს სრულყოფილი და არა სანახევრო.

“ბევრი ვიწვალეთ, რომ დაგვერწმუნებინა ჯერ ადამიანები და გაგვეუქმებინა ის აკრძალვა, რომელიც იყო წლების განმავლობაში. დღეს, ყველას შეუძლია იყოს საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ეს არის ყველა ადამიანის უფლება თანამედროვე მსოფლიოში. ავტორიტარული ქვეყნების გარდა ყველა დასავლურ ქვეყნებში ეს მიღებულია”, – აცხადებს პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილის აზრით, მოქალაქობა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აძლევს ემიგრანტებს საშუალებას, სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ. ეს, პირველ რიგში სჭირდება ახალ თაობებს, რომლებიც ნელ-ნელა დაკარგავს კავშირს ისტორიულ ფესვებთან, თუ არ ექნებათ ამ ქვეყნის პასპორტი.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები