,,ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ”- ოლივერ ვარჰეი

,,მომდევნო კვირეებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი,” – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს  დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე.

„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს. უკვე ვხედავთ, პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა.  საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიურ პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და რა თქმა უნდა, გჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს გზაზე ევროპისკენ.

მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის თქვენსკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე. არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი, რადგან საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანების შესახებ და ბევრად ადრეც, მისი ერთგულება ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ღირებულების მიმართ არის რამოდენიმე ათწლეულის წინანდელი. ეს ხაზი მკაფიოდ ჩანდა და განსაკუთრებით გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები