,,თქვენ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე”- ხაბეიშვილი ”ქართულ ოცნებას”

,,თქვენ არც საქართველოს ინტერესები, არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის მომავალი და ბედი, არც ის ემიგრანტები გაინტერესებთ, რომლებიც ემიგრაციაში გარბიან. თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„დეოლიგარქიზაციის კანონზე ამბობთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ყველა ოლიგარქები ვართ ივანიშვილის გარდა. შავი თეთრზე ჩაგიწერეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების და მესამე ქვეყანაში მკურნალობის შესახებ. თქვენ, ცხადია, არ აპირებთ ამის შესრულებას და არც გაინტერესებთ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო, ნიკა გვარამია რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხარით მეორე ქვეყანა, რომელიც პროპაგანდას ეწევა რუსულად, თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, ამერიკის არჩევნებს რევიზიას უწევს ან მითხარით ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დასავლეთს ამ პირობებში ებრძვიან ანუ რუსეთია ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის ევროპარლამენტარებს, ევროპას, აშშ-ს და მეორე საქართველოში აღმოჩნდა ხელისუფლება, მისი პროპაგანდისტული მანქანა და მისი სპიკერები, „ჩატებში“ მისული „მესიჯბოქსით“ ლანძღავთ სრულიად ცივილიზებულ სამყაროს. თქვენ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოსა და რუსეთ შორის არჩევანი გაკეთებული გაქვთ რუსეთზე და ამას საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება კორუფციას, პირდაპირი მნიშვნელობით ხალხი გაყვლიფეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები