,,მერიის რომელი პროექტი ყოფილა მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი?”- კახა კალაძე

,,რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მასსა  და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების დროს განაცხადა.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ავლაბარში სავაჭრო მოედნის მშენებლობის ფარგლებში 18 მეტრის გათხრა იგეგმება, რაც  საფრთხისშემცველია.

,,ავლაბრის მოედანზე, ჩვენს პირდაპირ დაგეგმილია ამ სავაჭრო მოედნის მშენებლობა. პროექტში პირდაპირ წერია, რომ 18 მეტრი უნდა გათხაროს კომპანიამ, ეს არის საფრთხისშემცველი, როგორც მეტრო-სადგურისთვის, ასევე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მერისგან რეაგირებას, რომ შეჩერდეს აღნიშნული პროექტი და გადაიხედოს თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

თბილისის მერის თქმით, ”კვლევების შედეგად თუ ჩვენ გვექნება სურათი, რომ ამ პროექტის განხორციელება საშიშია და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, რომ პროექტი განხორციელდეს”.

“იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, რომ მერწმუნეთ, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხისშემცველი იქნება, თუნდაც მინიმალურად 1%-ით და პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას,”- აღნიშნა კალაძემ.

 

მსგავსი თემები