გომის მთაზე სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 6 ფაქტი გამოვლინდა

პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 6 ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 6 პირს წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.

”აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე ექვს მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 166 209 ლარის ზიანი მიაყენეს.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ”, – ნაქთვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა ამბობს, რომ ექვსივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 44 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 286 250 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

მსგავსი თემები