რუსეთმა „დიდ ოცეულს“ მოუწოდა შეწყვიტოს საუბარი „წარმოსახვით საფრთხეებზე“ და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, „დიდმა ოცეულმა“ საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება რეალურ და არა წარმოსახვით საფრთხეებზე მოახდინოს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „დიდი ოცეული“ მოწოდებულია გაუმკლავდეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. მისი დღის წესრიგის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაზეც ბევრი ქვეყანა საუბრობს, არ არის განხორციელებადი. ეს იქნება პირდაპირი შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატში და ძირს გამოუთხრის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს „დიდ ოცეულში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება.