მარიამ ჯაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთა მოსაზრებებს კომიტეტის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, დღეს, ქალაქ რუსთავის მერიაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს საკითხებზე, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გასაუმჯობესებელია.

„რუსთავში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათ შორის, ერთი 2018 წელს დაარსდა. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ხელშეწყობით მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების, დამატებითი სივრცის შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლონ საბავშვო ბაგა-ბაღების სერვისით. ასევე, საუბარია საპილოტე პროგრამაბზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს 5 და 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურაში და სასკოლო მზაობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მერმა გამოთქვა მზაობა, რუსთავში შეიქმნას სასწავლო ბაზა აღმზრდელ პედაგოგთა მოსამზადებლად, როგორც აკადემიური კვალიფიკაციის, ასევე, მოკლევადიანი კურსების შესაძლებლობების თაობაზე. ეს არის წინადადება, რომელიც ძალიან სინტერესოა და რუსთავისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. პირადად ჩემგან ექნება ხელშეწყობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სმინისტროსთან მექნება საუბარი აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორებთან, ავტორიზაციისა და სტანდარტების ახალი რეგულაციების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

„ბოლო წლებში შეიქმნა ბაზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; შემუშავდა საბავშვო ბაღებისთვის პედაგოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული სტანდარტები“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, 66 მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით, 20-ში დასრულდა სტანდარტების მიღების და ადაპტაციის პროცესი.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ერთიან ა(ა)იპ-ის ფარგლებში, საბავშვო ბაღების დატოვებას აქვს გარკვეული უპირატესობები, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ავტორიზაციის შედეგად როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურა.

„მოსაზრება, რომ თითოეული ბაღი გავიდეს ცალკე, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად, ეფუძნება იმას, რომ ავტორიზაციაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგიურ, ინფრასტრუქტურულ, სანიტარიულ-ჰიგიენურ კრიტერიუმებს და ა. შ. ერთი ა(ა)იპ-ის ქვეშ მრავალი საბავშვო ბაღის ავტორიზაციიისას ბაღებმა შეიძლება ერთმანეთს ხელი შეუშალონ. თუმცა კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი და ადრეული ასაკის კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ეს საკითხი დავაყენოთ“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები