რაგბის კავშირი ვერეს ხეობაში, წართმეული ნაკვეთის დაბრუნებას და მშენებლობების აკრძალვას ითხოვს

საქართველოს რაგბის კავშირი, ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს და 2009 წელს წართმეული 23 000 კვ.მ ფართობის მიწის დაბრუნებას მოითხოვს. აღნიშნული ტერიტორია კავშირს დედაქალაქის მერიამ 1997 წელს გადასცა, სადაც სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაგბის ბაზა და სავარჯიშო მოედანი უნდა განთავსებულიყო.  1999 წელს, პროექტით მსოფლიო რაგბის საბჭო დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა.  

როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, 2009 წელს, თბილისის მერიამ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს მიწა ჩამოაჭრა და მისი ნახევარი – 12 000 კვ.მ დაუტოვა. ამ ტერიტორიის  კონფიგურაცია და პარამეტრები კი პრაქტიკულად გამორიცხავს სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მაშინდელ მთავრობაში გადაწყვეტილება “მზიურის” ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით დაასაბუთეს. რაგბის კავშირი კი, როგორც მიწის მესაკუთრე, 13 წლის განმავლობაში იხდის მიწის ნაკვეთის გადასახადს. 

“საქართველოს რაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც „გააცოცხლებდა“ ამ ტერიტორიას, საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო. 2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობის შესაძლებლობას გულისხმობდა, თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი, რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა. საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ რაგბის კავშირში.

ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ბიძინა გეგიძე თბილისის მერიას მიმართავს, კომპანია “ანაგს”, ვერეს ხეობაში გრანდიოზული შენობის აშენების ნებართვა არ მისცეს.

​დეპუტატის თქმით, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, ფრაქციას სპეციალური ინიციატივა აქვს შემუშავებული. ფრაქციის ინიციატივაა, მშენებლობის მაძიებელი მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი იყოს.

მსგავსი თემები