,,საოცარი ამბები ხდება საქმეში, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა”- „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის ადვოკატი

,,სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს,”-  „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და საზოგადოება მიხვდება, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის.

,,დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით. რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? – მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის”,- აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები